უკრაინისთვის გერმანული წარმოების, ასევე აშშ-დან საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ, NATO კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს.
გამოცემის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბრძოლო თვითმფრინავებზე მოლაპარაკებების მამოძრავებელი ძალაა.
Politico-ს თანახმად, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი უფრო სადავო იქნება, ვიდრე დასავლური ტანკების მიწოდება.
ამავდროულად, Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში წყაროებმა განაცხადეს, რომ მათი მთავრობები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეუძლებლად აღარ მიიჩნევენ, თუმცა ესკალაციის რისკი რჩება.
ვაშინგტონში ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოკავშირეებმა უკვე გადალახეს რამდენიმე წითელი ხაზი, რომელიც პოტენციურად კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენდა. გამოცემის წყაროს თქმით, ასე იყო HIMARS-ების შემთხვევაში, მოგვიანებით კი - ტანკების გამო.
ჯერჯერობით მხოლოდ ნიდერლანდმა გამოთქვა უკრაინისთვის თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებისთვის მზადყოფნა.
გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰიოქსტრამ პარლამენტს განუცხადა, რომ მისი კაბინეტი განიხილავს გამანადგურებლების მიწოდებას, თუ კიევი ასეთის სურვილს გამოთქვამს.