საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ორი დღის წინ, შეკვეთილი სტატიის ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხრიდან მართული მედიასაშუალებებისგან მორიგი „ფეიკნიუსების“ გავრცელება მოჰყვა, თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელორუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი სხვადასხვა ექსპერტიზისათვის იყენებს რამდენიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემას – „დაქტო-2000“-ს, ჰაბიტოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემა – POLYFACE-სა და ბალისტიკურ საიდენტიფიკაციო სისტემა – ARSENAL-ს.
პროგრამული უზრუნველყოფები სამინისტრომ შეიძინა სხვადასხვა დროს, კერძოდ:
· დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა „დაქტო-2000“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წელს შეიძინა. აღნიშნული სისტემის ხარისხი და ღირებულება უპირატესი იყო სხვა მსგავსი ტიპის სისტემებთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყველა ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის ინტერპოლსა და FBI-ში არსებულ მონაცემთა ბაზებთან. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა (ყველა ოლქი) და სხვა ქვეყნები.
· ჰაბიტოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა POLYFACE სამინისტრომ შეიძინა 2013 წელს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია თურქულმა მხარემ სპეციალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის შექმნა ქართულ ენაზე, რომლის ზუსტი ანალოგი სხვა ქვეყნებში არ ფუნქციონირებს. პროგრამა ახორციელებს სხვადასხვა ფოტოზე ასახული პიროვნების იდენტიფიცირებას.
· ბალისტიკური საიდენტიფიკაციო სისტემა ARSENAL-ი სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია ტყვიებისა და მასრების იდენტიფიცირებისათვის, რომელსაც იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: პოლონეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, ტაილანდი და სხვ.
პროგრამული უზრუნველყოფის სამივე სისტემას შეხება არ აქვს რაიმე სახის გარე ქსელთან, ინტეგრირებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქსელში, მკაცრად არის გაწერილი მომხმარებელთა დაშვება და ექსპერტების მიერ პროგრამების გამოყენება ხდება სპეციალურად მათთვის მინიჭებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. აღნიშნულ სისტემაში გარედან შეღწევა შეუძლებელია რაიმე გზით, მათ შორის მწარმოებლის მხრიდან. თითოეული პროგრამა დაინსტალირებულია სერვერზე, რომელიც არ არის დაკავშირებული გარე ქსელთან და მხოლოდ შიდა ქსელშია, რაც შესაბამისად გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებასთან.
პროგრამები სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის მაგალითია დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება როგორც FBI-სთან, ასევე, ინტერპოლთან ინფორმაციის მიმოცვლა და შედარება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა შეძლო და მიიღო ლაბორატორიების აკრედიტაცია, საერთაშორისო ISO-17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს, სანდოობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ქართული საგამოძიებო-საექსპერტო უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.