უკრაინა: დღეს სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა ალექსანდრ ხორუნჟიმ განაცხადა, რომ 26 იანვარს ქვეყანაში რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების მორიგი მასიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაშავდა.

მისივე თქმით, ეს ბოლო ინფორმაციაა ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის. 

დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.