პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტის განხორციელება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზემან აღნიშნა, რომ „ვიდრე პროცესის მომდევნო ეტაპები დაიგეგმება, სომხეთის მთავრობა თავის თავზე აიღებს ინიციატივას, დაიწყოს TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების საპროექტო სამუშაო.“
„ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. მას შემდეგ, რაც TRIPP-ის განვითარების კომპანია შეიქმნება, სომხეთის მთავრობა მას უკვე შესრულებულ სამუშაოს გადასცემს,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული პროექტი სომხეთს საშუალებას მისცემს, დაძლიოს ბლოკადა, რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება.
„ეჭვგარეშეა, რომ TRIPP-ის პროექტის განხორციელება სომხეთს ყველა მიმართულებით — როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძებზე — ბლოკადისგან გაათავისუფლებს. თუმცა, ყველა ამ მარშრუტის გახსნა არ ნიშნავს, რომ მთელი ინფრასტრუქტურა TRIPP-ის პროექტის ნაწილი გახდება. პროექტი მოიცავს ერასხი-კარჩავანის რკინიგზას, ასევე ელექტროგადამცემ ხაზებსა და საავტომობილო მაგისტრალს. გაზისა და ნავთობსადენებთან დაკავშირებული საკითხები მოგვიანებით განიხილება,“ — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.