ევროკომისიის წევრმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ვარშავის მახლობლად „ენერგეტიკული ჰაბი“ - ლოგისტიკური ცენტრი გახსნეს, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გენერატორები პირველ რიგში უკრაინაში გადაიგზავნება.
ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰაბიდან გენერატორების მიწოდებას უკრაინაში ევროკავშირი სრულად დააფინანსებს.
ჰაბში შეიქმნება გენერატორების რეზერვი, რომლებიც საჭიროებისამებრ გადაიგზავნება უკრაინაში. „რადგან რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების განადგურებას rescEU-ს მარაგი უკრაინისთვის ენერგეტიკული გადაუდებელი მომარაგების სასიცოცხლო წყარო გახდება“, - დაწერა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე.