ფხიზლად ვიყოთ, თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.
„ეს დღე, უკავშირდება წმინდა ნინოს ხსენებას, რომ წმინდა ნინო ნამდვილად ბრძენი ქალწული იყო, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო არა მხოლოდ თავისი სულის გადარჩენას, არამედ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას.
ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას, საღვთო ჭეშმარიტების ამ დაუშრეტელ წყაროს, რომელმაც იშვილა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს წმინდა ილია მართალი. ფხიზლად ვიყოთ და თუ გვსურს, რომ სიძის მარადიულ სიხარულში შევიდეთ, მაშინ ამაო საზრუნავში არ გავლიოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი სულის ლამპრებიც იყოს ანთებული და სავსე მადლითა და სიკეთით, რისი დიდებული მაგალითიც არის ჩვენთვის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ, ყველანი, ერთად აღვასრულებთ“.
ცნობისთვის, საქართველო დღეს ქვეყანაში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.