შოთა ბურჯანაძე: 55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყანას ტოვებს

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება.

„დღეს ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია მომავალში, ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შედენო“ პროფესიულ სასწავლებელში.

გარდა ამისა მან, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დროის 48-დან 40 საათამდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობას ქმნის.

გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება.

ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა. დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება.

ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროსი, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.