„ლილო მოლის" დირექტორი: ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვალს არ გადასცდება

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს. კვარაცხელიამ კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია, თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,- აღნიშნა კვარაცხელიამ.

„ელიავას“ ბაზრობის წარმომადგენელი, თეა ანდრიაძე კი აცხადებს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ბაზრობების გახსნა.

„შეხვედრაზე დადასტურებული იქნა, რომ ბაზრობები 15 თებერვლისთვის გაიხსნება და თუ ეპიდსიტუცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს გახსნა. ამ მოკლევადიანი გახსნით არავინ არ უნდა იყოს ზედმეტად კმაყოფილი და ბედნიერი, იმიტომ, რომ თუ დროულად არ დაიწყება ვაქცინაცია, არ ვართ დაზღვეული ახალი შტამებისა და ხანგრძლივი ლოკდაუნისგან. შეღავათებზე საუბარი არ ყოფილა“,- აღნიშნა თეა ანდრიაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

თუ კოვიდინფიცირების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე იმსჯელებს