იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს, ლიბიამ და იტალიამ გაზის წარმოების შესახებ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ და იტალიურმა Eni-მ.
მისივე ინფორმაციით, შეთანხმება ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ქვეყნები ორი ოფშორული გაზის საბადოს განვითარების გზით, გაზის მოპოვების გაზრდას ლიბიის შიდა ბაზრისთვის და ასევე ექსპორტისთვის ისახავენ მიზნად.
ამასთან, Associated Press-ის ცნობით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული გარიგება ყველაზე დიდი ინვესტიციაა ლიბიის ენერგეტიკულ სექტორში.
ამ კვირის დასაწყისში, მელონი ალჟირს, იტალიისთვის გაზის მთავარ მიმწოდებელს ეწვია, სადაც Eni-მ და ალჟირის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Sonatrach-მა ხელი მოაწერეს ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას.
ალჟირი იტალიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გასულ წელს გახდა მას შემდეგ, რაც ენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსეთი ჩაანაცვლა.