უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია.
„მოხარული ვიქნები, მჭიდროდ ვითანამშრომლო უკრაინისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ხალხების საკეთილდღეოდ და ერთიანი ევროპის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.