რუსულ „ავტოვაზში“ საღებავის დეფიციტია. Lada-ს მხოლოდ სამ ფერში გამოუშვებენ

რუსეთის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელ AvtoVAZ-ს საღებავების დეფიციტი აქვს. 

ამის შესახებ რუსული მედია ავტომწარმოებლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

Lada-ს დილერების თქმით, ამჟამად მანქანების შეკვეთა მხოლოდ თეთრ, შავ და მუქ მწვანე ფერებშია შესაძლებელი. სხვა ფერის მანქანები ხელმისაწვდომი მარტამდე არ იქნება.

ბაზარზე არსებული გამოცემის კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ შეზღუდული ფერის სქემა დარჩება სულ მცირე, 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე დარჩება. მისი თქმით, Lada-ს მწარმოებელი ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ აწვდის.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ მომწოდებლებთან, რათა მოხდეს საღებავის რეგულარული მიწოდება.

 ამ საკითხის მოგვარებას უახლოეს კვირებში ველოდებით, ”- თქვა ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე საავტომობილო ინდუსტრიისთვის, საღებავებისა და ლაქების მთავარი მომწოდებლები უცხოური კომპანიები იყვნენ. ომის დაწყების შემდეგ, სანქციების გამო შეზღუდულია საღებავების, ლაქებისა და სხვა კომპონენტების წარმნოებისთვის მიწოდება.

რუსული საწარმოები ამ დროისთვის საავტომობილო ინდუსტრიის საჭიროებებს საღებავებთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებენ.

მედია წერს, რომ რუსეთიდან უცხოელი მწარმოებლების წასვლის ფონზე, Lada 2022 წელს ავტომობილების ბაზრის უდავო ლიდერი გახდა.

ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით, AvtoVAZ-მა წელიწადში 188 645 მანქანა გაყიდა, რაც 46%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. ბაზრის წილი 27.4% იყო.