„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობის უმეტესი ნაწილი ენერგეტიკულ საკითხებს ეთმობა, ის მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ასევე ვახორციელებთ ჩვენს ძალიან მასშტაბურ გეგმებს ტრანსპორტის სფეროში“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისივ თქმით, უნგრეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან უნგრეთში საქონლის რკინიგზით ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია.
„მხოლოდ გასულ წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 75%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანში არსებული თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - იქნება ეს ტანკერები, გემები, დიდი კომერციული საზღვაო პორტი, რკინიგზა - ყველა თანამედროვეა და აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.