ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ „მზიურის“ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გასხვისებული, კერძო საკუთრებაში იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დავუბრუნეთ. გვინდა, აღნიშნული სივრცე მოვაწესრიგოთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. როგორი მიდგომაც გვაქვს რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.