შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შვიდი ირანული კომპანია დაამატა. ეს კომპანიები აწარმოებენ თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა.
აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაეროში, რუსეთისა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის სახიფათო მიწოდებაზე.
ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას როგორც რუსეთის, ასევე ირანული იარაღის ვაჭრობის მიმართ, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს.
ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა თავი დავიცვათ ამ ტიპის იარაღისგან“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Europetime-თან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიწოდება გააძლიერეს. ირანული წარმოების საკრუიზო რაკეტებისა და კამიკაძე თვითმფრინავების წინააღმდეგ, დასავლეთი ზომებს იღებს. რუსულმა ჯარებმა ამ ზამთარში ირანული დრონები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენეს.
კანადამ გამოაცხადა, რომ აპირებს, უკრაინისთვის შეიძინოს აშშ-ის წარმოების მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ი, რომელიც საჰაერო იერიშისგან დასაცავად გამოიყენება.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ორი ასეთი სისტემა. ცნობილი გახდა, რომ კიევს ახალი NASAMS-ი მალე მიეწოდება.
დიდი ბრიტანეთი, აშშ და ნიდერლანდები ასევე დაჰპირდნენ კიევს სხვა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კერძოდ, Patriot-ს, რომელიც Raytheon Technology Corp-ის მიერ არის წარმოებული.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშში აღინიშნა, რომ ირანული თვითმფრინავები რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად მიეწოდება, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.