აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს

აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას. 

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაეროში, რუსეთისა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის სახიფათო მიწოდებაზე.

  • ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას როგორც რუსეთის, ასევე ირანული იარაღის ვაჭრობის მიმართ, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს.

ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა თავი დავიცვათ ამ ტიპის იარაღისგან.

  • შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ.

    ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ ქმედებები, რომელთა სამიზნეც არის კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის ელიტის ფინანსური ქსელები და აქტივები.

12 ოქტომბერს გამართულ ისტორიულ კენჭისყრაზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა რეზოლუციის მიღებით მტკიცედ აიმაღლეს ხმა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაეროს ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას გმობს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი თავდასხმები ვერც უკრაინის სულისკვეთებას გატეხს და ვერც შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს კიევს. შეერთებული შტატები გააგრძელებს არსებითად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და საკუთარ ხალხზე ზრუნვა.

  • უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, ჩვენ ერთად ვდგავართ და სოლიდარულები ვართ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად და ვმუშაობთ, რომ ეს დახმარებები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. 

უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.

თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.