სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება.
ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა.
„ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ.
ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ამჟამად ვიკვლევთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას SGC-ის გაფართოების გასაადვილებლად“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.