იაპონიაში, კერძო კვლევით უნივერსიტეტში (კეიოს უნივერსიტეტი) გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შეჭრის ფაქტი გაიხსენა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს.
„პირველი კითხვა ეხებოდა იმას, დავკარგე თუ არა ნდობა NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიმართ. და, პასუხი არის არა, მე არასოდეს დამიკარგავს ეს ნდობა.
ასეევ იყო შეკითხვა, რა იყო ყველაზე რთული მომენტი? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული და სტრესული მომენტია, როცა ვხედავთ ომის შედეგად ტანჯვას, ძალადობას, სისასტიკეს, და რაც მთავარია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა ამ ომის დროს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის რეალურად მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სახლებზე, საავადმყოფოებზე და, რა თქმა უნდა, ელექტრო ქსელზე, გაზის მიწოდებაზე თავდასხმა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ზამთარი გვიახლოვდებოდა.
ამას ერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენება, წყლის, გათბობის, სინათლის მოსპობა. რა თქმა უნდა, ეს სტრესია ყველასთვის. ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვიყოთ სისასტიკით, მაგრამ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში და მას შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყო. ის, რაც თებერვალში მოხდა, დიდი ესკალაცია იყო, მაგრამ ომი დე ფაქტო ადგილზე უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის NATO-ს მზადყოფნის მიზეზიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.