დანიაში საქართველოს ელჩი ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ულოცავს და დასძენს რომ ძალიან ახარებს ასეთი პატრიოტი ხალხის საპყრობილეს გარეთ ხილვა.
როგორც სოციალურ ქსელში ქართველი დიპლომატი წერს, იმედი აქვს მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით.
"მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - წერს დანიაში საქართველოს ელჩი, რომელსაც ელჩის უფლებამოსილების ვადა 4 თებერვალს ეწურება.
საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა ბრალდების წაყენების პირველივე დღეს გამოუცხადა. დიპლომატმა მელაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიგიაძე დიპლომატიურ რეზერვში გადაჰყავთ. გიგიაძემ მედიას განუცხადა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4 წლიანი ვადა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. ელჩი არ აკონკრეტებს, მისთვის ახალი პოზიციის ჯერ არ შეთავაზების მიზეზი არის თუ არა ივერი მელაშვილის საქმე.
როგორც Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როტაციის პრინციპის შესაბამისად ელჩი როდესაც ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში და რჩება სისტემაში.
"რა სახით დარჩება დიპლომატიურ სისტემაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შემდეგ მიიღება", - აცხადებენ სამინისტროში.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ, რამდენიმე თვის წინ, გიგიაძის მხრიდან მელაშვილის მხარდაჭერას, დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეში დარღვევა უწოდა.
2020 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა რომ დანიაში საქართველოს ელჩის საქციელი არაკოლეგიალური იყო, რადგან როგორც წესი დიპლომატები მსგავს სენსიტიურ საკითხებზე პოზიციას სამინისტროსთან ათანახმებენ.
"მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის. ასეთი ზარი არ შემოსულა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", - განაცხადა ზალკალიანმა.