A კატეგორიის ნებართვა ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა ფასიან აქტივად გადაიქცევა და ტაქსის მძღოლებს მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ.

როგორც ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი 2023 წლის პირველ აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე ერთხელ მაინც ფლობდა ან 2023 წლის 20 მარტამდე აიღებს ასეთ ნებართვას.

ამასთან, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. მისი საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად.

ერთ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცემა.