NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოს დავეხმარებით, გააძლიეროს თავისი გამძლეობა და შესაძლებლობები

„NATO-ს სამხედრო კომიტეტმა განიხილა სამხედრო თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დღევანდელი უსაფრთხოების სიტუაციის განხილვა საქართველოსა და საქართველოს გარშემო, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის განვითარება, საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, და საზღვაო უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში.

შეხვედრაზე, ადმირალ ბაუერმა ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას, „NATO და საქართველო თითქმის 30 წელია, პარტნიორები არიან, და ამ დროის განმავლობაში დამყარდა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რამაც გაამყარა და გააუმჯობესა ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ბაუერმა.

ბაუერი ასევე მიესალმა საქართველოს განზრახვას, გაზარდოს მისი მონაწილეობა NATO-ს რეაგირების ძალებში.

ამასთან, ალიანსის ცნობით, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.

"რუსეთისგან მომდინარე მუდმივი საფრთხე, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს პარტნიორებს, NATO-სთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
სწორედ ამიტომ, მადრიდის სამიტზე, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, გააძლიერონ თავიანთი გამძლეობა და შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად“, - განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.