2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა.

კერძოდ, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 %-ით ნაკლები).

ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5% ქ. თბილისზე, 9,6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9%ი - იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

ამასთან, სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 134 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლებია.