იუსტიციის სამინისტრო: 2020 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვით მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა, რაც ისტორიული მინიმუმია

2020 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვით მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა, რაც ისტორიული მინიმუმია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს.

კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში - 15-25.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების უმეტესობა ევროპული სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცხადდება ისე, რომ საქართველოს მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებაც არ არსებობს.

ასეთი მცირე რაოდენობის საქმეები 2020 წელს გაეგზავნა სკანდინავიის ქვეყნებს (ნორვეგია, დანია, ფინეთი) და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე პატარა სახელმწიფოებს (ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონაკო, სან მარინო). ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 23 სახელმწიფოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ სასამართლოში ნარჩუნდება საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს წარდგენილი იყო 131 საჩივარი, 2020 წელს – 130, იმის ფონზე, როცა საქართველოს მიმართ 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, ხოლო 2011 წელს – 395.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2010 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.