საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.
„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ რთულ დროს.
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.