ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის
კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.
აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.