თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში იყო 10 მოქალაქე, ახლა კი სამის კვალს ეძებენ.
ელჩმა მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან“, - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.
სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.