„წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი". განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება ეპიდემიამ განაპირობა.
„წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი.
იცით, რომ გარკვეული, მე ვიტყოდი სერიოზული გაჯანსაღება გვქონდა, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოს ეკონომიკასაც თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში, შედეგი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს არის ეპიდემიის გავლენით.
მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ტრენდიდან, საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.