"ალბათ, გვიანი გაზაფხული იქნება, როდესაც ტურიზმის სექტორში, რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ. იმ დროისთვის, თუ ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და ყველა გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის იმედი მაქვს, თუმცა გარანტია არავის აქვს, რადგან ძალიან ბევრი მოულოდნელობით ხასიათდება ეპიდემიასთან ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ მიღწეული არაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნამდვილად მძიმეა რესტორნების მდგომარეობა. ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ, გვაქვს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ყველა პრობლემა ვიცით. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გვეძლევა საშუალება, ამა თუ იმ რეგიონისთვის, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. სამწუხაროდ, შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას.
ჩვენს ნაბიჯებს ეტაპობრივობა უნდა ახასიათებდეს. ყოველკვირეულად მოწმდება დადებითობის მაჩვენებელი. დღეს დადებითი ტენდენცია გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად, და აჭარა ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.
მესმის, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ რესტორნები, მათ შორის, ღია სივრცეებიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.