ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები
ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.

„60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებითკინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.