ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც , - „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა.
„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.
ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს ბრეგაძე.
„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.