თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

საგარეო უწყების ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სტიქიას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე შეეწირა.