თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, პარლამენტი საქველმოქმედო აქციას იწყებს“, - შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.