ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

„ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.