მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე - ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე , - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვარ ხორვატიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ვსტუმრობ. ეს არის ისტორიული და ძალიან წარმატებული ვიზიტი. გვქონდა აზრების ძალიან წრფელი გაცვლა გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი ვიზიტი ემთხვევა ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს. ჩვენ დღეს ორივემ გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, განვაგრძოთ ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ამ მიზნით, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების სფეროში.

დღეს, მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბატონ დავითაშვილთან ერთად, ხელს მოვაწერ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობით, რადგან ისინი ერთნაირად ამაყობენ თავიანთი ლამაზი ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით. მე დღეს გამოვხატე ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ.

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს არის გრძელი გზა. მივესალმებით თქვენი რეფორმების პროცესს და ამ პროცესის მიმართ ვალდებულებას. ასევე გამოვხატავ ხორვატიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.