საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საკუთარი ძალებითა და რესურსით საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხისა და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.
„სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს“, – აღნიშნავენ შსს-ში.