თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა.

„დაკარგულებიდან საძიებლად მარტო ორი კაცი დაგვრჩა. იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს, ველოდებით სამაშველო ოპერაციის მსვლელობას. ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენი სამი გარდაცვლილი მოქალაქიდან ერთი, რომელიც პროზექტურაში იყო, უკვე გადასვენებულია საქართველოში.

ოჯახმა უკვე იცის. ასევე, ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმ კონკრეტული რეგიონიდან უნდათ, რომ ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი, სია გვქონდეს და შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, დახმარება გავუწიოთ მათ, რეგიონის დატოვების მიზნით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.


შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.