ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ცალსახად, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მე არ მინახავს ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება, არ წამიკითხავს ის, მაგრამ როგორც მითხრეს, ხალხს გაუკვირდა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად დადგა. ვფიქრობ, ისინი ელოდნენ მეტ განხილვას გადაწყვეტილების გამოტანამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესია, მოვიცადოთ და წავიკითხოთ მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს გავაკეთებდეთ.
_სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა მისთვის სასიკვდილო განაჩენის მისჯად. არ მსურს დრამატული სცენარების განვითარება, მაგრამ ვალდებული ვარ გკითხოთ - იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ფატალურად დასრულდება, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია? ამ შეკითხვის საპასუხოდ ელჩმა განაცხადა შემდეგი:
„კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, დიდი იმედგაცრუება იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან განიცდის ამას. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება“.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს“- აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა. მსგავსი მოწოდებები ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. პოლონეთი მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობა. ევროპარლამენტარებმა დებატებიც კი გამართეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მოწოდებების ფონზე? - ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვასაც უპასუხა.
„ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს თავისი მოქალაქის სახელით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, გასაკვირი იყოს, რომ მტკიცე განცხადებები მოვისმინეთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.