„ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა“. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
_რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე არაერთხელ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის პირველი დიპლომატი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ საქართველო მამაცურად უმკლავდება დასავლეთისგან მომავალ წნეხს. როგორ ფიქრობთ, რა არის სერგეი ლავროვის მიზანი, როცა ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს? ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა.
საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება რომ ისინი არ იცავენ სანქციებს.
არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - აღნიშნა ელჩმა.
შემდეგი შეკითხვა რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას ეხებოდა.
_ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურდა საუბრები იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, რუსეთთან ორმხრივი ფრენები განახლდეს. ჩვენ უკვე ვიხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, ხედავთ რუსეთთან ჩართულობის გაზრდის მცდელობებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
„ალბათ, უკეთესია ეს კითხვა ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა.
საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა.
საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა,რომელშიცსაქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასყოფნასურდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.