შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, თურქეთის საელჩოში სამძიმრის წერილის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო თურქეთს გვერდით უნდა დაუდგეს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, მეგობრები ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს.
„ძალიან დიდი უბედურება მოხდა. დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ ჩვენ დავალება. თქვენ იცით, რომ ჩვენი მაშველები ადგილზე არიან, იმ ეპიცენტრში, სადაც უმძიმესი ვითარებაა და მოხდა დილითვე მობილიზება ჩვენი მაშველების. 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, მეორე დღეს 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია. ადგილზე მუშაობენ. სამი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 დაღუპული იყო. ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდით, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება.
ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც საქართველოში რაღაც გვიჭირს, ეს არის ხანძრები, თუნდაც ბათუმის ტრაგედია, არა ჩვენი თხოვნით, არამედ პირველი თვითონვე რეკავენ, გვთავაზობენ დახმარებას და პირველები მოდიან დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეგობრები ვალდებულები ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბოლომდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.