საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.
ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე საქველმოქმედო აქციას მოხმარდა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.