პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე: პოლიტიკური თავდასხმაა

განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ამბობს, რომ ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანა თავდასხმაა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ნახატები ადმინისტრაციაში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეკიდა.

კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილი აქვს ნახატების სამშობლოში დაბრუნებაში. მისთვის გაუგებარია რა გახდა მიზეზი ნახატები კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წაეღო.

"ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში.

ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული", - თქვა მრჩეველმა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ორბელიანების სასახლეში დღეს მივიდა.