შსს: ხობში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს - 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.