პენტაგონი: თალიბანი ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს

პენტაგონის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მაისისთვის, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვალდებულებას არ შეასრულებს, რადგან თავად თალიბებმა არ შეასრულეს შეერთებულ შტატებთან ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თალიბანი არ ასრულებს ვალდებულებებს, შეამციროს ძალადობა და გაწყვიტოს კავშირი ალ-ყაიდასთან", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.

ჯონ კირბის თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობა სამომავლოდ შეთანხმების მიღწევას ართულებს.

კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლპარაკებების უზრუნველყოფას ისევ ცდილობს.

ცნობისთვის, გასული წლის თებერვალში, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებით ავღანეთი უცხოეთის ყველა ძალამ უნდა დატოვოს 2021 წლის მაისამდე, ექსტრემისტული ჯგუფის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის, ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ. შეთანხმებამ თალიბანს დააკისრა ვალდებულება, შეწყვიტოს თავდასხმები აშშ-ის ძალებზე, შეამციროს ქვეყანაში ძალადობა და სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოოს ავღანეთის მთავრობასთან.