„ჩვენ გვსურს, საქართველომ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გვქონდეს გაწევრიანების შესახებ წარმატებული მოლაპარაკებები, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობას, კეთილდღეობას, თავისუფლებას და მშვიდობას“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა The Financial-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში ელჩმა ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის გაუმჯობესებაში.
„სამომავლოდ მე ვხედავ დიდ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის განვითარებაში“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.