ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“. მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“.
„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. განჩინება ჯერ არ გასაჯაროებულა.
„საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
სხდომა 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.