შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.
საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის - „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ გამოფენის მიმდინარეობისას, საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა - ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.