აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ცოდნისკარის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.ა, 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1979 წელს დაბადებული რ.ი., 1991 დაბადებული ა.მ. და 1971 წელს დაბადებული ჯ.კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.