თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს - ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება.

„სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს.

მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.