საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია - ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა,
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია".
„ჩვენ დავარბილეთ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.
მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ.
თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - განუცხადა მედიას ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.