NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიწისძვრები სამხრეთ თურქეთში ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფაა ალიანსის ტერიტორიაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს „ძალიან აქტიური როლის“ შესრულებისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
„ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება ალიანსის ტერიტორიაზე NATO-ს დაარსების შემდეგ. NATO დგას თურქეთის გვერდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, თურქეთში გადაუდებელი დახმარების ათასობით პერსონალი იყო განლაგებული, რათა მხარი დაუჭირონ დახმარებას, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, მეხანძრეებს, სამედიცინო პერსონალს და სეისმურ ექსპერტებს“.
„NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერას; სამხედრო თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან აქტიურად მუშაობენ თურქეთში საერთაშორისო დახმარების გადასატანად და სამედიცინო მიზნით ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორიცაა, ალბანეთი, კანადა და გერმანია, უზრუნველყოფენ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას; NATO-ში კი რიგითი მოქალაქეები თურქეთის მხარდასაჭერად მილიონობით ევროს აგროვებენ. ეს არის ჭეშმარიტი სოლიდარობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.