საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე მარლასკას შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის გენერალური დირექტორი ელენა გარსონ ოტამენდი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.